დღეს 1-ელ ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება.
ბიულეტენების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყება.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის ინიციატივითა და რეკომენდაციით სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის გადათვლა მოხდება.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ამაში იგულისხმება ბათილი ბიულეტენების გადათვლაც, რომლის პროცენტული რაოდენობაც მისი თქმით, მაღალი არაა.
ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.
მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს.
რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით ამ ქალაქების მონაცემებსაც. კერძოდ ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2 396 ბიულეტენი, რაც 3.42 %-ს შეადგენს. ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, გაბათილდა 2071 ბიულეტენი რაც 2,69%-ია,”- აცხადებს კალანდარიშვილი.
გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება.