ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით,

ქუთაისის მერიამ 2018 წელს ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება გასცა, თუმცა კიბეს დღემდე არ ჩატარებია რეაბილიტაცია. მერიას გაცემული დაპირება მხოლოდ 2021 წლის სექტემბერში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაახსენდა და კიბის სარეაბილიტაციოდ სექტემბერში ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის ღირებულება 740,928 ლარი იყო. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ბრიტანია ქონსთრაქშენმა, რომელმაც სამუშაოების განხორციელება მერიას 673,821 ლარად შესთავაზა. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება არაუმეტეს 80,446 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი ანაზღაურდება 2022 წლის ბიუჯეტით.

თუმცა, ეს პირველი ტენდერი არ არის. ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი კიბის სარეაბილიტაციოდ 2020 წლის აპრილში გამოაცხადა. მაგრამ, მალევე, მას შემდეგ რაც გამარჯვებული კომპანიის ქართულ ოცნებასთან შესაძლო კავშირის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ტენდერი შეწყდა.

ფლაგვის დეტექტორის ინფორმაციით, ასევე აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიისათვის მარტივი, არც ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ყოფილა. 2019 წლის ივლისი-სექტემბრის თვეში მერიამ დოკუმენტების შესადგენად 3-ჯერ გამოაცხადა ტენდერი.

მერიის მიერ გამოცხადებული პირველი ორი ტენდერი, რომელთა ღირებულებაც 15,000 ლარი იყო არ შედგა. მესამე ტენდერი მერიამ 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა და ტენდერის სავარაუდო ღირებულება 30,000 ლარამდე გაზარდა. ამჯერად ტენდერი შედგა და მასში ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიამ, შპს გეოანალიტიკამ გაიმარჯვა, რომელმაც მერიას დოკუმენტების შედგენა 22,990 ლარად შესთავაზა.

დაპირების გაცემიდან დღემდე ასევე ცვლილებები შევიდა მერიის ესკიზებშიც. თავდაპირველი ესკიზის მიხედვით, რომელიც მერიამ 2018 წელს გაასაჯაროვა, დაგეგმილი იყო კიბის საფეხურების მიმდებარედ ამფითეატრის, თეთრი კოლონადების და შადრევნის მოწყობა. მიმდინარე მონაცემების მიხედვით კი პროექტი მეტ გამწვანებას, შეცვლილ განათებას და სხვა დეტალებს მოიცავს.

კიბის სარებილიტაციოდ ქუთაისის მერიას 3 წელზე მეტი დაჭირდა, ამ ეტაპზე ტენდერი დასრულებულია, თუმცა როდის დაიწყება და დასრულდება რეაბილიტაცია ჯერ უცნობია.

წყარო: ფლანგვის დეტექტორი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *