საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა – ამბობს”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე.
ხერხეულიძე ამის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. ის დღეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა.
“ამ ამბის ანატომია ყოფილა შემდეგნაირად, როცა სააკაშვილთან ციხის ადმინისტრაციის ექიმი შესულა, ურჩევია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ უთქვამს, რომ შეგიძლია, ერთი კოვზი თაფლი მიიღოო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს 5 ცალი, 50 მილიგრამიანი, თაფლის ქილა შეუძენია, თუმცა როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია, რომ ამით სპეკულირებენ, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, დაინტერესებულ ადამიანებს ვუთხრა: ერთი ქილა უკვე გახარჯული ჰქონდა, 4 ქილა კი ხელმოწერით ჩააბარა ადმინისტრაციას”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილმა წვენისა და თაფლის მიღება დაიწყო.
გუშინ, 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა და მას უახლოეს დღეებში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდებოდა.
,, სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილობამ. რაც შეეხება წვენის და თაფლის ამბავს, ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი აქვს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა წვენი და უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა და ახლა მხოლოდ წყალს სვამს”, – ამბობს ექიმი.”
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა