ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

 

ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს – “შემიძლია სუნთქვა”.

ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებში მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – “გესმის თუ არა ჩემი ხმა” – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

“პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, ავტოკიბეა მობილიზებული, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ დროისთვის აჭრის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

ფოტო: გიორგი არობელიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *