დღეს 2 ოქტომბერს, 2021-ის თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის.
ქუთაისის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან”, იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი უკვე გააკეთა. იოსებ ხახალეიშვილმა ხმა მე-40 უბანზე მისცა.
,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის. გავაკეთე არჩევანი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება მშვიდობიანი და წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის,”- ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ.
“დღეს საერთო სახალხო რეფერენდუმზე ხმა საქართველოს ევროპული განვითარების,ქვეყნის აღმშენებლობასა და ბედნიერი მომავლის იდეას მივეცი.
დადგა ცვლილებების დრო და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ჩაერთოს აღმშენებლობის იდეის განხორციელებაში.- ამბობს ლოსაბერიძე.
ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია.
საკრებულოში მოსახვედრად 19 პოლიტიკური პარტია იბრძვის. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ქუთაისის 7 მაჟორიტარულ ოლქში 52 კანდიდატია დარეგისტრირებული,
მათ შორის 14 ქალია.
ქუთაისში 124-ვე უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.