საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტი “სისხლიან ბანერებთან”დაკავშირებით საკითხის მოკვლევას აწარმოებს.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის თქმით, “სისხლიანი ბანერების” საკითხის მოკვლევის მიზანია დადგინდეს, მასზე რეაგირება ექცევა თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციის ქვეშ. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეფასებებში შეზღუდულია და ვარაუდობს, რომ საქმე შესაძლოა გვქონდეს პრეცედენტთან, რომელიც კანონით არ რეგულირდება.
შარაბიძე ამბობს, რომ საკითხის მოკვლევა მალე უნდა დასრულდეს.
“სისხლიანი ბანერების” თემაზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ რადიო “თავისუფლების” ეთერში ისაუბრა.
“თუ კანონი დაფარავს, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. მოკვლევა მიდის და ეს მოკვლევა გამოიკვლევს, რა თქმა უნდა, არის თუ არა კანონის საფუძვლები იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს რეაგირება, ამ შემთხვევაში ერთ ინსტიტუციას”, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ, რომლის თქმითაც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი კანონმდებლობით არც ერთი ინსტიტუციის კომპეტენციის ქვეშ არ იყოს მოქცეული.
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში განთავსდა “სისხლიანი ბანერები”, რომელზეც ოპოზიციური პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.
ბანერების ჩამოსახსნელად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესის დარღვევის გამო, ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა გაერთიანებული ოპოზოციის ქუთაისის მერობის კანდოდატმა ხატია დეკანოიძემ.
17 სექტემბერს გამოჩენილ ე.წ სისხლიან ბილბორდების საკითხზე ცესკოსა და აუდიტის სამსახურს შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა ISFED-მაც.