“ენკას” მიერ ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ საჭიროებს სამთავრობო უწყებების განმარტებას მისი შინაარსის, პირობებისა და ვადების შესახებ”,- აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ცენტრის განცხადებით, საჭიროა გაცხადდეს მთავრობის პოზიციაც, ინარჩუნებს თუ არა ის ამ პროექტის განხორციელების ინტერესს და გეგმავს თუ არა ახალი ინვესტიციის მოზიდვას მისი დასრულებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, პროექტზე გაცემული ნებართვები რჩება თუ არა კვლავ ძალაშია და არსებობს თუ არა მისი განხორციელების შესაძლებლობები.
მათი განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებული მედიაციის ფორმატი და წარმატებით დასრულდეს, როგორც ნამახვანის ხელშეკრულების ისე ნამახვანზე გაცემული დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეფასების პროცესი.
ასევე “სოციალური სამართლიანობის” ცენტრი საარბიტრაჟო საკითხსაც ეხმიანება:
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება ყველა იმ სასამართლო დავის შედეგიც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოვიწყეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო უწყებებში მიღებული დაუსაბუთებელი და უკანანო გადაწყვეტილებების გამო.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, არ აპირებენ სასამართლო სარჩელების უკან გამოთხოვას. ასევე შეგახსენებთ, 17 სექტემბერს ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა გაასაჩივრა.
“ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები არ ვგეგმავთ მშენებლობის ნებართვისა და გზშ გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების გამოთხოვას. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია არ შეწყვეტს დავას დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ. პრობლემურად ნარჩუნდება ის საკითხიც, რომ მშენებლობის ინსპექტირებისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს რეაგირების გარეშე ჰქონდა დატოვებული „ენკას“ დარღვევები და არ აწარმოებდა ინსპექტირების ოქმებს, გარემოსდაცვითი ინსპექტირება კი ჭიანურდებოდა და იანვრის შემდეგ ჩატარებული რეინსპექტირების შედეგები დღემდე უცნობია.” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი