ქუთაისის მერობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’,

ხატია დეკანოიძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, საარჩევნო სიები ისეა გამოქვეყნებული, რომ ამომრჩევლებს საკუთარი სახელის, გვარის და მისამართის ამოცნობა გაუჭირდეთ. გარდა ამისა, ბევრ უბანზე, განსაკუთრებით, იმ უბნებზე, სადაც 2020 წლის არჩევნები ოპოზიციამ მნიშვნელოვანი სხვაობით მოიგო, კედლის სიები საარჩევნო უბნიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა გამოკრული, რაც ამომრჩევლებს საკუთარი თავის მოძებნას გაურთულებს. დარღვევები სულ ქუთაისის 19 უბანზე გამოვლინდა.

,,ქუთაისის 70-ე უბანზე საარჩევნო სია კილომეტრ-ნახევრის დაშორებითაა გამოკრული, რათა ამომრჩველები დაიბნენ და საკუთარი თავი ვერ მოძებნონ. ბევრ ქალაქში და მათ შორის ქუთაისშიც, სიებში საკუთარი სახელის და გვარის ამოცნობაც ჭირს. ასეთი მდგომარეობაა ქუთაისის მე-116 უბანზე. 43-ე უბანზე, როცა გადასატანი ყუთის მონაცემებს ვამოწმებდით, ვამოწმებდით ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ყუთს სახლში მიუტანენ და როგორ მოხვდენ ისინი ამ სიაში, კომისიის ერთ-ერთ წევრს წამოსცდა, რომ გადასატან ყუთზე მიმაგრებულია ,,ქართული ოცნების’’ კოორდინატორი, ვინმე ციცო. მოვუწოდებთ ქუთაისის საოლქო კომისიას, ყველა ხარვეზი, რაც აღმოვაჩინეთ, დაუყოვნებლივ გამოასწორონ. 15-ის შემდეგ კედლის სიები ჩვენი მხრიდან სიზუსტით იქნება გადამოწმებული, ამიტომ ტყუილად ცდილობენ,’’-ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, დარღვევები საერთაშორისო პარტნიორებს უკვე გადაეგზავნათ და თემას განიხილავენ.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *