საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა.
გაბუნიას განმარტებით, ისინი სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და მათზე ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის არსებობა არ დადასტურებულა.
თამარ გაბუნიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, როგორც თანამშრომლების, ასევე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ვაქცინაციის პროცესი.
“მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე, ბრალდებულების და მსჯავრდებულების, ორი დოზითაა ვაქცინირებული.
ამდენად, ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა: თავდაპირველად, 1 შემთხვევა საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა, 2 ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება. ის მის თანამესაკნეებთან ერთად, უსიმპტომოა ყველა. რაც შეეხება გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში. ინფექციის შემთხვევები სხვაგან არსად დაფიქსირებულა,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.