ქუთაისში ახალი პარტიის ,,მესამე ძალა’’

დაფუძნების ცერემონია გაიმართა. პრეზენტაციაზე პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები აირჩიეს. პარტიას გიორგი თუმანიშვილი უხელმძღვანელებს. პოლიტიკური მოძრაობის მიზანს საშუალო ფენის ინტერესების დაცვა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს.

 

,,გამომდინარე იქედან, რომ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ვერც ოპოზიციაში ხედავს საიმედო ძალას, ახალი ძალის მოსვლაა საჭირო. ჩვენ ვართ სწორედ ეს ძალა. ორიენტირებული ვართ მშრომელი ადამიანების უფლებების დაცვაზე, მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე. საქართველოში საშუალო ფენა უნდა ჩამოყალიბდეს. სანამ პარტიას დავაფუძნებდით, შევხვდით მოსახლეობას და ბევრი მხარდამჭერი გვყავს, ასე რომ, არჩევნებზე წარმატების იმედი გვაქვს,’’-ამბობს პარტიის თავმჯდომარე გიორგი თუმანიშვილი.

პარტია მონაწილეობას მიიღებს როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო არჩევნებში.

გოგი თუმანიშვილი ქუთაისიდანაა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, თეატრალურ ინსტიტუტში, კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში’’. არის პარტიების ,,მრგვალი მაგიდა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა’’ თანადამფუძნებელი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *