“ფლანგვის დეტექტორი” იმ ქალაქების ჩამონათვალს
აქვეყნებს, რომლებმაც საბავშვო ატრაქციონებში ყველა მეტი თანხა დახარჯეს. კვლევის მიხედვით, ქუთაისი მეორე ადგილზეა და ბათუმს ჩამორჩება. “ფლანგვის დეტექტორის” მიხედვით, მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ ჯამში 225 815 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, ხოლო ბათუმის მერიამ 392 149 ლარის ღირებულების.
პირველ შემთხვევაში ქუთაისის მერიამ საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის მიზნით 35 962 ლარის ღირებულების ხელშეკრულება კომპანია “ექსიმ მეიდთან” გააფორმა. მეორე შემთხვევაში 189 853 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არ შედგა, რის შედეგადაც კვლავ თავიდან მოუწია ტენდერის გამოცხადება. მიმდინარე მონაცემებით ტენდერი დასრულებული არ არის.
ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადეს ვანის, ტყიბულისა და ბაღდათის მერიებმაც. ვანის მერიამ ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, ტენდერი პირველად 17 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტებს შორის იყო ბილიარდისა და ჭადრაკის მაგიდა და ატრაქციონები, თუმცა დოკუმენტაციაში ცვლილებების გამო ტენდერი შეწყდა, რის შემდეგადაც ახალი ტენდერი გამოცხადდა. ახალი შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით შესყიდვის ობიექტებს შორის ჭადრაკისა და ბილიარდის მაგიდები აღარ არის.
კვლევის თანახმად, 2021 წლის მიმდინარე მონაცემებით, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მუდმივი შეზღუდვებისა, 6-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 634 609 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა ატრაქციონების შესყიდვის მიზნით.
“მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში ატრაქციონების შესასყიდად დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა ვაქცინა “ასტრაზენეკას” 85 642 დოზის შესასყიდად,”-ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” განცხადებაში.