“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგი

გაგრძელდეს და მოლაპარაკებებმა აქციების ნაცვლად მაგიდასთან გადაინაცვლოს,”-ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, თუ რა პასუხი ექნება ხელისუფლებას ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებზე. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ვადა მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლომდე პრემიერის დაკავებული გრაფიკის გამო ითხოვა და არა იმიტომ, რომ ხელისუფლება დროის გაჭიანურებასა და ქალაქების ჩაკეტვას აპირებს. ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ “არანაირი ჩაკეტვა ჯერ-ჯერობით ქალაქების არ იგეგმება. ამაზე, რა თქმა უნდა, მუშაობს საკოორდინაციო საბჭო.”

“ხელისუფლების ინტერესი არის ის, რომ ეს სიტუაცია დარეგულირდეს და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. ჩვენი შეხვედრაც ემსახურებოდა იმ ერთ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერისთვის მიგვეწოდებინა ყველა ის დეტალი, რასაც ეს ადამიანები ამბობენ და რა კითხვებიც მათ აქვთ. ალბათ, პრემიერის გუშინდელ დღის წესრიგს ყველამ მივადევნეთ თვალი, რომელიც დატვირთული იყო იმ მნიშვნელოვანი მოვლენებით, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გუშინ ამის განხილვის დრო არც ექნებოდა და თავისთავად ამის საშუალებაც არ იყო. ჩვენ გვქონდა  ვარლამთან კომუნიკაცია, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვირის ბოლომდე ისინი იმ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ, რაც იყო დასმული,”-განაცხადა გუბერნატორმა. 

რიონის ხეობის “მცველები” ვადის გახანგრძლივებას დათანხმდნენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლების პასუხები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს გამართავენ.

რიონის ხეობის მოსახლეობა უწყვეტს პროტესტს აგრძელებს. მათ კარვებში 177-ე ღამე გაათიეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *