მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის’’ აქტივისტებსა
და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეები კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადადიან. სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს: აიღონ ბლოკპოსტი სოფელ გუმათთან, შეწყდეს ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები და მიეცეთ აქტივისტებს რიონის ხეობაში შესვლისა და კარვებში ღამის გათენების უფლება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ მთავრობა ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, დაიწყება დიალოგი.
,,გვითხრეს, რომ ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით პასუხს რამდენიმე დღეში გაგვცემდნენ, მიზეზად პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს. ჯერ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილონ და მიწის გადაცემის თუ სხვა საკითხებზე შემდეგ ვიმსჯელებთ. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან დღეს დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა. თქვეს, რომ აკეთებდნენ დაშვება, არ აშენდეს ჰესი’’-ამბობს ვარლამ გოლეთიანი
უკვე 173-ე დღეა რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მათ სოფელ ნამოხვანში კარვები ჰქონდათ გაშლილი და ღამეს იქ ათევდნენ, მაგრამ 3 აპრილს პოლიციამ ,,ენკას’’ დირექტორსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების გამო ნამოხვანში გადაადგილება შეზღუდა. 11 აპრილს პოლიციამ აქტივისტებს კარვები დაუსალა, ხოლო 14 აპრილს სოფელ გუმათთან რკინის ბარიკადები მოაწყო, რის გამოც აქტივისტები ნამოხვანში ვერ შედიან.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება – 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია
სამუშაოებს თურქული კომპანია ,,ენკა” ახორციელებს.