ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის ფრაგმენტის მოწესრიგებაზე
1 200 000 ლარი დაიხარჯება. თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფა. როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მირზა ხიდაშელი ამბობს, დღესდღეობით აღნიშნული მონაკვეთი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშია. საუბარია ავტომშენებლის გამზირზე, “ჰუალინგის” ერთ-ერთ შესასვლელთან არსებულ ნაწილზე.
“ამ მონაკვეთში მდინარე ოღასკურა ექცევა საავტომობილო გზის ქვევით. არსებული მდგომარეობა არის მძიმე, რადგან კალაპოტი არის დავიწროვებული და მასში არის სხვადასხვა ტიპის ინერტული მასალა და სხვა ნარჩენები, რომელიც ხელს უშლის მდინარეს, რომ თავისუფალი დინებით იაროს ამ მონაკვეთში. ხშირია მდინარის ადიდების დროს დატბორვისა და დაზიანების ფაქტები. ამ პროექტით ვგეგმავთ, რომ ეს მონაკვეთი გავხადოთ უფრო გამტარუნარიანი, ვიდრე არის დღეს. კალაპოტი გაიზარდება რამდენიმე მეტრით, მოიმატებს კალაპოტი როგორც სიგანეში, ასევე სიმაღლეში. სამუშაო პროცესში შენარჩუნდება საავტომობილო გადაადგილება და მოეწყობა შესაბამისი ნიშნები უსაფრთხოებისათვის,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე