რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის აქციამ
გუმათში გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობა სამართლიან ბრძოლას ვერ შეაჩერებს. აქციის ორგანიზატორები არიან “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მწვანეები” და პლატფორმა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის. ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერ დროს ჩავიდნენ გუმათში და სოლიდარობა გამოხატონ.
“მთავრობამ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინააღმდეგობას. შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა,”-აცხადებენ ორგანიზატორები.
ნამოხვანში რიონის მცველების კარვები დაშალეს. ადგილი ტრაქტორით გადათხარეს. პოლიცია მოქალაქეებს გუმათთან ბლოკპოსტის გავლის საშუალებას არ აძლევს. პარალელურად მდინარეში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე