,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

როგორც გიგა შუშანია აცხადებს, უკვე თვეზე მეტია მერიას მიმართა მოთხოვნით, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი სამსახურები შეამოწმა მერიის აუდიტის სამსახურმა, მაგრამ ინფორმაცია არ დრომდე არ მიუღია. ამის გამო გიგა შუშანია აპირებს ქუთაისის მერს სასამართლოში უჩივლოს.

,,მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებული კორუფციის შესახებ, მივმართეთ ქუთაისის მერს, მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, რომელი სამსახურები და ააიპები შეამოწმა აუდიტის სამსახურმა. ინფორმაცია არ მიგვიღია. ეს იმას ადასტურებს, რომ მერს არ უნდა დაიწყოს გამოძიება, ქუთაისის მერიაში კორუფცია ყვავის,’-ამბობს გიგა შუშანია.

გიგა შუშანიას განცხადებას, რომ მერმა მას არ უპასუხა, ქუთაისის მერიაში სიცრუეს უწოდებენ. როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე ამბობს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.
,,ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით”-აცხადებს ირაკლი გიორგაძე.

ამის საპასუხოდ გიგა შუშანია ამბობს, რომ წერილი საკრებულოში 14:12 წუთზე შემოვიდა, მერიამ კი ის ძველი რიცხვით ამობეჭდა.

,,აუდიტის დასკვნა, კორუფცია და ბიუჯეტის ფლანგვა პირადი ინფორმაციაა და ვერ მოგცემო პირველად მესმის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერი მალავს რაღაცას. თორე სახელმწიფო აუდიტის დასკვნები პირდაპირ მის გვერდზეა ატვირთული, წერილი დღეს შემოვიდა,მაგრამ მერიამ ის ძველი რიცხვით ამობეჭდა. ასე რომ, მატყუარა მერი გვყავს,’’-აცხადებს გიგა შუშანია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *