ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითხზე მოსახლეობას
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერის კულტურის სახლში შეხვდა. ადგილობრივებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათ მინისტრებს შეკითხვები დაუსვეს, რამდენად უსაფრთხოა მშენებლობა და რამდენად რეალურია ენერგოდამოუკიდებლობის პირობა. ასევე, რაში დასჭირდა საქართველოს რიონის ხეობის 99 წლით გასხვისება, რატომ არ ჩავიდნენ მინისტრები რიონის ხეობაში მანამ, სანამ ამის დავალება პრემიერისაგან არ მიიღეს, რატომ არ შეხვდნენ რიონის ხეობის “მცველებს”.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მზად არიან ნებისმიერ ჯგუფს შეხვდნენ და უფრო მწვავე კითხვებიც მოისმინონ. თურნავა მოსახლეობას არწმუნებდა, რომ თურქი ინვესტორი რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენდა. მისივე განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა ვერ განვითარდება. ნათია თურნავას განცხადებით, არც ერთი კომპანია მის საკუთრებაში ტერიტორიის გადაცემის გარეშე, ინვესტიციას არ განახორციელებს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის გაკვეთილის ჩატარებაში დაადანაშაულა და პრობლემებზე საუბრისაკენ მოუწოდა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა. მოგვიანებით დარბაზი რამდენიმე მოქალაქემაც დატოვა.