ქუთაისში სტუდენტები სამგზავრო ტარიფის განახევრებას წლებია ითხოვენ.
მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგ მათი მოთხოვნა გააქტიურდა.
,,ახალგაზრდა ლეიბორისტებმა’’ ამ თემასთან დაკავშირებით, მერიაში ინიციატივა ერთი წლის წინ, სტუდენტებთან ერთად შეიტანეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანიდან ერთ კვირაში აღნიშნული თემის განხილვა დაიწყებოდა. მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისში უკვე გამოჩნდა. ,,ახალგაზრდა ლეიბორისტების’’ ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო კომპანიამ საკითხის განხილვა გადადო, რის მიზეზადაც პანდემიის შედეგად ტრანსპორტის შეჩერება და ამის გამო ხარჯების დაუანგარიშებლობა დაასახელა.
,,ამ საკითთან დაკავშირებით სატრანპორტო კომპანიის დირექტორს, გიორგი გიოგობიანს შევხვდით. მან გვითხრა ტრანსპორტი შეჩერებულია და აქამდე ხარჯების დაანგარიშება ვერ მოვასწარითო. გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ ყველა სტუდენტი ქუთაისში არაა ჩაწერილი და მათი დაფინანსება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება. გვითხრეს , რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობისთვის მიგვემართა, რათა ჩამოსული სტუდენტების დაფინანსებაში უნივერსიტეტი სუბსიდირებით შემოსულიყო. ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ შუამავალი მერიასა და თვითმმართველობას შორის. ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნება, თუ უშუალოდ ეს ორი მხარე დაიწყებს მოლაპარაკებას, შუამავლების გარეშე,” – აცხადებს გაგი ახალაძე.
ქუთისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, ამიტომ გადაჭრით იმის მტკიცება, განახევრდება თუ არა სამგზავრო ღირებულება სტუდენტებისთვის, არარეალურია.
,,ამ თემასთან დაკავშირებით, სტუდენტებს ვესაუბრეთ და ავუხსენით, რომ მათი მოთხოვნა არარეალური და უშედეგოა და აზრი არ აქვს, რადგან ტარიფი არ დაგვითვლია. თუ ტრანსპორტი ხაზზე არ გავუშვით, მათი მუშაობის სტანდარტი არ ვნახეთ, არ დავითვალეთ რა რაოდენობის საწვავი დახარჯეს და რა რაოდენობის მგზავრი გადაიყვანეს, მხოლოდ ვარაუდიდან გამომდინარე ციფრებს მივიღებთ. ჩემთვის დაახლოებითი ტარიფი ცნობილია, მაგრამ ეს არაზუსტია, ამიტომ სანამ ზუსტი ციფრი არ გვეცოდინება, სამგზავრო შეღავათებზე საუბარი ზედმეტია,’’-ამბობს გიორგი გიორგობიანი.
მისი თქით, ტრანსპორტი მუშაობას 16 იანვრიდან განაახლებს და დაახლოებით, ერთ თვეში საწყისი ციფრები ეცოდინებათ. სრული ანალიზის გაკეთება კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგაა შესაძლებელი.