ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული თანხა პანდემიის მართვის მიზნით შექმნილი ქოლ-ცენტრის მუშაობაზე დაიხარჯება.

 

,,სხვადასხვა პროგრამაში გვქონდა აუთვისებელი თანხები, დაზოგილი თანხებით ამ პროგრამის ბიუჯეტი შევავსეთ. ქოლ-ცენტრში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე გვყავს თანამშრომლები დასაქმებული და ეს თანხა წლის ბოლომდე მათ ხელფასებს მოხმარდება. ამ პროგრამისთვის თანხები 2021 წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული, ზუსტად რამდენი იქნება, ვერ გეტყვით,’’-ამბობს ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე.

აუთვისებელი თანხებით შეივსო სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიც, რომელიც 600 ათას ლარს შეადგენდა. აღნიშნულ თანხას 30 ათასი ლარი დაემატა. დავით ნიშნიანიძის თქმით, სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერად დახმარებებს, ინფიცირებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სხვადასხვა ქალაქებში გარდაცვლილი ქუთაისელების სარიტუალო მომსახურებებს მოხმარდება. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელ საკითხზე რა თანხაა გათვალისწინებული, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ თანხების განაწილება საჭიროებების მიხედვით მოხდება და წინასწარ არაფერი აქვთ განსაზღვრული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *