,, ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა ხელშემწყობი სერვისების შექმნა და გაუმჯობესება წარმოადგენს. ახალგაზრდა ლეიბორისტის თქმით, ქუთაისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებები მერიის მხრიდან გათვალისწინებული და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებული იქნება.

 

,,შშმ პირების პრობლემა ჩემთვის უცხო არ არის, წლების განმავლობაში მიმუშავია მათთან. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ პრობლემებს სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოვაგვარებ. ყველა პრობლემის მოგვარებას მეტად ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ქალაქში დღემდე არ არის ადაპტირებული გარემო. ასევე პრობლემაა ის, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტში მატების ნაცვლად იკლებს საგანმანათლებლო, სპორტულ კულტურულ ნაწილში მათი პროგრამები. ამაზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მათი პროგრამების რაოდენობა გაიზრდება. ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამების შემუშავდება არა ერთი-ორი ჩინოვნიკის კაბინეტში, არამედ მრგვალი მაგიდის ფორმატში და შშმ პირები თავად დაწერენ იმას, რაც აწუხებთ,” – ამბობს ირაკლი კიკვაძე.

,, ბატონმა ირაკლიმ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და მან დღეს თავისი ხედვები წარმოგვიდგინა. გვქონდა ძალიან თბილი საუბარი. ბატონი ირაკლის გარდა სხვა არცერთი კანდიდატი, არც მერობის და არც მაჟორიტარობის, არ შეგვხმიანებია. შშმ პირები უამრავ პრობლემას ვაწყდებით, მათ შორის ყველაზე მძიმე არაადაპტირებული გარემოა,” – აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ, შშმ პირთა ფედერაცია ,, აღორძინება 2002”-ის თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *