“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2020 წლის

საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის IV შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13;  არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

ჩამონათვალში მოხვდა სავარაუდო დარღვევები იმერეთის მუნიციპალიტეტებში.

ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა

ქუთაისი

19 სექტემბერს, “ქართული მარშის” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, “ლელოს” ქუთაისის ოფისთან აქცია გამართეს, რომლის მიზანი პარტიის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაცია იყო. აქციაზე სიძულვილის ენის შემცველი შეძახილებით გამოირჩეოდნენ, რომელიც მიემართებოდა “ლელოს” ლიდერებს.

წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა

ქუთაისი

18 სექტემბერს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი.

წყალტუბო

19 სექტემბერს, წყალტუბოში გამართულ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატის წარდგენას, ასევე, დაესწრო მეუფე იოანე.

თერჯოლა

20 სექტემბერს, თერჯოლაში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატის წარდგენას, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ქუთაისი

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, წარადგინა საარჩევნო კამპანიის წარმოების მისეული ხედვა, რაც მოიცავს: მასტერკლასების, ტრენინგ კურსების ჩატარებას სხვადასხვა თემებზე. კახიძის თქმით, ტრენერები იქნებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც, მის საარჩევნო კამპანიაში ამ მხრივ მოახდენენ დონაციას. იგი უფასო იურიდიულ კონსულტაციებს პირდება ქუთაისის მაცხოვრებლებს კვირის მანძილზე სპეციალურად გამოყოფილ დღეებსა და საათებში. დამკვირვებლის კითხვაზე, მოხდება თუ არა მოწოდება მის არჩევასთან დაკავშირებით აღნიშნული კონსულტაციების სანაცვლოდ, უპასუხა დიახ – იგი ყველა მის ოფისში შემომსვლელს მოუწოდებს მხარდაჭერისკენ.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას: დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები; არ გამოიყენოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რესურსები პარტიული მიზნებისთვის; საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პოლიტიკურ პარტიებს: თავი შეიკავონ და არ დაუშვან ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის ფარგლებში; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *