ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები” ,,მილენიუმის” სკვერში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
ახალგაზრდა ,,ლეიბორისტების” ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე ამბობს, რომ სკვერში დაზიანებულია სკამები, გაჩერებულია საათი, ასევე გახეთქილია მილი, რის გამოც გზაზე წყალი იქცევა. ამის მიზეზად გაგი ახალაძეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები მიაჩნია.
,,ამ ქალაქში რაღაცას უხარისხოდ გააკეთებენ და მერე 10 წელი აღარ მოიკითხავენ. ფასადურია ყველაფერი, რასაც აკეთებენ. ეს არის ქალაქის ცენტრში არსებული სკვერი, რომელიც ორ გაჩერებას აკავშირებს ერთმანეთთან, ამაზე მაინც ვერ იტყვის მერია, რომ არ შეუხედავს რა მდგომარეობა იყო. გუშინ გავაპროტესტეთ, რომ ქალაქში არსებული 4 საათიდან არცერთი არ მუშაობდა და დღეს მხოლოდ ერთი გაასწორეს. ამ ბაღში არსებული საათი ახლაც გაჩერებულია. იმედია ამ სკვერს მოაწესრიგებენ. რაზეც აქცია გავმართეთ და მივუთითეთ, რომ გასაკეთებელი იყო, ყველაფერზე თქვეს, რომ აპირებდნენ გაკეთებას და მალევე მოაწესრიგეს. კარგი ხერხი ვისწავლეთ, რომ საქმე გავაკეთებინოთ’’,-ამბობს გაგი ახალაძე.