“ვანელი კოორდინატორის ახალშექმნილ კომპანიას სკოლებსა და ბაღებში
სველი წერტილების მოწყობაში ბიუჯეტიდან უტენდეროდ 85 600 ლარი გადაუხადეს,”-ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორის” კვლევაში წერია.
მათივე ინფორმაციით, შპს “20-20” და შპს “სანი 2020” აგვისტოს თვეში ვანის მაცხოვრებელმა, მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა დააფუძნეს. რეგისტრაციიდან 1 თვეში სკოლებსა და ბაღებში სველი წერტილების მოსაწყობად კომპანიებმა ჯამში 100,000 ლარზე მეტი მიიღეს. ხელისუფლებას 6 თვე ჰქონდა სველი წერტილების მოსაწყობად, მაგრამ მაინც ბოლო 1 თვეში, სასწრაფო წესით, შესაბამისად – უტენდეროდ შეისყიდა მომსახურება.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ შპს “20-20” საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2020 წლის 1 აგვისტოს მოქალაქე ბესიკ შუბლაძის მიერ. ბესიკ შუბლაძე არის ვანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, რომელიც აგრეთვე გახლავთ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი და მისი აქტიური მხარდამჭერი. როგორც თანასოფლელები ამბობენ, წინასაარჩევნოდ ის ე.წ კოორდინატორის ფუნქციასაც კისრულობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. კომპანიის რეგისტრაციიდან 5 დღეში ბესიკ შუბლაძემ ვანის მუნიციპალიტეტისგან 61,600 ლარი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო რეგისტრაციიდან 1 თვის თავზე – დამატებით 24,000 ლარი.
“ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შპს “სანი 2020” საჯარო რეესტრში 2020 წლის 17 აგვისტოს დარეგისტრირდა, ვანში მცხოვრები შალვა კაშიას მიერ. შალვა კაშია და მისი ოჯახი, რომელთან საკმაოდ მსხვილი ბიზნესები აქვთ ვანის მუნიციპალიტეტში, აგრეთვე მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები არიან. კომპანიის რეგისტრაციიდან 10 დღეში შალვა კაშიამ 14,950 ლარის პირდაპირი შესყიდვა მიიღო ვანის მუნიციპალიტეტისგან, სხვადასხვა სოფლის საბავშვო ბაღებში სველი წერტილების მოსაწყობად.
“აღნიშნული გარემოებები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა პირებმა კომპანიების რეგისტრაციამდე იცოდნენ აღნიშნული შესყიდვების მიღების შესაძლებლობის შესახებ. ეს ზრდის კორუფციის რისკებს ვანის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის არაეკონიმიურ ხარჯვას.
გაუგებარია, რატომ დასჭირდა მუნიციპალიტეტს აღნიშნული მომსახურებების გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვა, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს გამოიყენება, მაშინ როდესაც უკვე 6 თვეა ადგილობრივმა მთავრობამ იცის სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში სველი წერტილების მოწყობის აუცილებლობის შესახებ,”-ნათქვამია კვლევაში.