,,ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვეს, სამაგიეროდ, დაგვპირდნენ, რომ
საუნივერსიტეტო ქალაქად აქცევდნენ, მაგრამ ახლადაშენებულმა საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს მხოლოდ 246 სტუდენტი მიიღო ” – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიგა შუშანიამ განაცხადა.
როგორც გიგა შუშანია ამბობს, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი ვერ შედგება სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების გარეშე. ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებისთვის საჭიროა სამთავრობო და პოლიტიკური სტრუქტურების ქუთაისში გადმოტანა.
,,გვპირდებიან, რომ 60 ათას სტუდენტს მიიღებენ. წელს 1000 ადგილზე ჰქონდათ მიღება გამოცხადებული და მხოლოდ 246 მიიღეს, მათგან უმეტესობას ეს უნივერსიტეტი პირველი არ ეწერა. ეს სტუდენტებიც წერეთლის და ქუთაისის უნივერსიტეტების ხარჯზე ჩაირიცხნენ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ქუთაისის საერთასშორიო უნივერსიტეტი ღია კონკურენციაში შევიდა ქუთაისის სხვა უნივერსიტეტებთან, რის გამოც წერეთლის უნივერსიტში წელს სტუდენტების რაოდენობა შემცირდა. თუ ქალაქი არ განვითარდა, სხვა ქალაქებიდან აქ სასწავლებლად არავინ ჩამოვა. განვითარებისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის სახელი არ კმარა, იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად უნდა იქცეს,’’-აღნიშნა გიგა შუშანიამ.
გიგა შუშანია ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების წინ დაარეგისტრირებს კანონს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისში და ბიუჯეტის ფორმირების წესი. მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ბიუჯეტი 150 მილიონი იქნება და მისი განკარგვა თბილისელ ჩინოვნიკებზე არ იქნება დამოკიდებული.