,,ნაციონალური მოძრაობა’’ ,,ქართულ ოცნებას’’ საოლქო კომისიებში
საკუთარი აქტივისტების დანიშვნაში ადანაშაულებს. როგორც ,, ნაციონალური მოძრაობის’’ მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია ამბობს, საოლქო კომისიებში ნეიტრალური წევრების სია წინასწარ არის ცნობილი და კონკურსი, რომლის მიხედვითაც კომისიების წევრებს აირჩევენ, მხოლოდ ფორმალობაა. ამ თემასთან დაკავშირებით ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ქუთაისის 59-ე საარჩევნო კომისიის წინ ბრიფინგი გამართა და ხელისუფლების საქმიანობას არაკანონიერი უწოდა.
,, წინასწარ იციან ვის უნდა მისცენ ხმა, ვინ უნდა დაინიშნოს კომისიის თავმჯდომარედ, ვინ მოადგილედ და ა. შ. აქ მაქვს სუსის მიერ შედგენილი იმ ადამიანების სია, ვისაც ვითომ კონკურსის წესით აირჩევენ. ეს ხალხი წინა არჩევნებშიც იყვნენ შემჩნეულნი არაკანონიერ საქმიანობაში, ხელისუფლებამ ისინი პასუხისგებაში არ მისცა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ახლა ისევ უნდათ კომისიებში დანიშნონ, კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და მხოლოდ ის ხალხი სჭირდებათ, ვისაც ენდობიან” – განმარტავს გიგა შუშანია. ის ამბობს, რომ თუ საოლქო კოსიებში ეს ადამიანები აირჩევიან, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კომისიას პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
,,ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას უარყოფენ ცესკოში. ქუთაისის 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ კონკურსი სამართლიანია და წინასწარ არაფერია ცნობილი.
,, 885-მა ადამიანმა შემოიტანა განცხადება, აქედან 700-ზე მეტს ცესკოს სერთიფიკატი და სარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს. კონკურსში უპირატესობა გამოცდილებას ენიჭება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალბედებს შანსს არ მივცემთ. კონკურსი ობიექტური იქნება, შევარჩევთ ადამიანებს, რომლებიც იმსახურებენ კომისიებში მუშაობას” – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.