იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთში
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ “მაესტროს” ეთერში ისაუბრა. შალამბერიძის განმარტებით, ყველა პროექტი, რომელთა დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმებოდა, 2020 წელსვე დასრულდება და მომავალ წელში მხოლოდ გარდამავალი პროექტები გადავა. მისივე განცხადებით, პანდემიამ სამუშაოების დასრულების ვადა მაქსიმუმ ორი თვით გაახანგრძლივა.
“კომპანიების, რომლებსაც გარდამავალი პროექტები არ ჰქონდათ, ძირითადი ნაწილი სამუშაოებს სექტემბერსა და ოქტომბერში ამთავრებდა. თავისთავად, სექტემბრის ნაცვლად დამთავრდება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში. არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წელს უნდა დამთავრებულიყო, გარდამავალი არ ხდება. დასრულდება წლის ბოლომდე. პროექტები, რომლებიც გაჩერებული იყო, ყველა გაგრძელებულია. თავისთავად, გვაქვს პროექტები, რომლებიც ხელახლა გადის ტენდერზე და ახლა იწყება სამუშაოები. ეს შეიძლება იყოს სკოლების, ბაღების, რეაბილიტაცია და სხვა. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს. რიგი პროექტები წინსწრებით მიდის უკვე, ხოლო დაანონსებული პროექტები, რომელიც 2020-ში უნდა დამთავრებულიყო, 2020-შივე დასრულდება. დიდი პროექტები რომლებიც გარდამავალი იყო, თავისთავად 2021 წელს გადავა,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.