მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით,
ქუთაისს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა ექნება. დოკუმენტი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით შეიქმნება. პროექტს ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.
დოკუმენტისა და გეგმის შემუშავებისა და აღსრულების ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომელთაც ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები 4 ეტაპად გადაამზადებენ.
წელს საპილოტედ პროექტში 11 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება, ხოლო ეტაპობრივად 64-ვე.
“64-ვე მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე შეიქმნება ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა. თითოეულ მუნიციპალიტეტში გადამზადდება ახალგაზრდული რესურსი. ახალგაზრდული რესურსის წარმომადგენლები იქნებიან როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორიდან,”-განაცხადა რევაზ ჩარკვიანმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ახალგაზრდული პოლიტიკა ყველა მუნიციპალიტეტისათვის ინდივიდუალური იქნება. სტრატეგია 5 წლიანი, ხოლო სამოქმედო გეგმა 3 წლიანი იქნება. სტრატეგია მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში ახალგაზრდების საჭიროებებების კვლევას ეფუძნება.
პროექტის განხორციელების მიზნით, ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და თვითმმართველობის ახალგაზრდული მიმართულებების თანამშრომლებს შეხვდნენ.
ახალგაზრდობის სააგენტო სამთავრობო უწყებაა, რომელიც 2019 წლის 26 აგვისტოს შეიქმნა.