,,სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი დაადგინა.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში წერია.
ანგარიშში მოხვდა გენადი მარგველაშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. მიმდინარე წლის ივნისში, ქუთაისში, შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს გადასცეს მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ყველაზე აქტიურად მოიხმარდნენ. წამლების გარდა, პაციენტებს გადაეცათ ბარათი, სადაც მედიკამენტების ჩამონათვალთან ერთად, მითითებული იყო წარწერა “მპგ “ქართული ოცნება” და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გისურვებთ ჯანმრთელობას!”
კობა ლურსმანაშვილი – ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი. 15 მაისს ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შპს “ტალეგოს” ფინანსური მხარდაჭერით, საკვები პროდუქტი დაურიგა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს. პროდუქტების დარიგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, ასევე, დეპუტატის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე.
ელგუჯა გოცირიძე – ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი. მიმდინარე წლის მარტში, დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ 100 000 ლარი გამოყო ტყიბულელთა დასახმარებლად. პროგრამის ფარგლებში (პანდემიის გამოცხადებიდან – მაისის ბოლომდე) ფულადი დახმარება 250 ოჯახმა მიიღო. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, შახტის ადმინისტრაციას (მეშახტეთა ჩართულობით) მიმართა თხოვნით, განესაზღვრათ დახმარების განაწილებისკრიტერიუმები, რათა თანხის განკარგვის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.
თანხის ასაღებად ზოგიერთი მოქალაქე მაჟორიტარის ბიუროს ოფისში თვითონ მიდიოდა. მათ დახმარებას ბიუროს წევრები, თვითონ დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემდნენ. ასევე, ზოგიერთ მრავალშვილიან ოჯახში დახმარების გადასაცემად თავად დეპუტატი იყო მისული.
ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში; პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად; პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან; ქველმოქმედების განხორციელებისას, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ; პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიური ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან. ასევე, არ უნდა დაუშვან თავისი მხარდამჭერების მიერ სხვა პარტიების შეხვედრებისა და კამპანიური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და მოსახლეობას არ შეუქმნან განცდა, რომ გაცემული დახმარების უკან მმართველი პარტია დგას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.