“ეს არის “ქართული ოცნების” ხელწერა და იმის მომასწავებელი, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას,”-ასე გამოეხმაურა
გრიგოლ ვაშაძე გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევას. მისი თქმით, გორის ოფისი უკვე მეოთხედ დაარბიეს, რასაც ის ორგანიზაციის გააქტიურებულ საქმიანობას უკავშირებს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ მომხდარი იმ ზიზღის კამპანიის შედეგია, რომელსაც “ოცნება” 2013 წლიდან ეწევა.
“ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილმა ბოროტმოქმედებმა მეოთხედ დაარბიეს ენმ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი. დაზიანებულია ავეჯი, ტექნიკა და ჩამსხვრეულია შუშები. კიდევ უფრო მეტი, დანით შეიარაღებული პირი იდგა ოფისის წინ და ემუქრებოდა პარტიას და ამ ოფისში დასაქმებულებს. პირველ სამ შემთხვევაში, ხელისუფლებას ხელი არ გაუნძრევია. მთლიანად პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსულ აქტზე ეკისრება “ქართულ ოცნებას”. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაბედავდა ჩვენი ოფისის დარბევას ეს რომ პირდაპირ არ იყოს შეკვეთილი და წახალისებული “ქართული ოცნების” მიერ. ეს ყველაფერი არის იმ ზიზღის კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც “ქართული ოცნება” 2013 წლიდან დღემდე ეწევა და რომლის მიზანიც არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ფიზიკური განადგურება,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დაკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.