ერთი წლის წინ, 20 ივნისს თბილისში მომხდარ მოვლენებს
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისიდან გამოეხმაურა. ვაშაძესთან ერთად მესხიშვილის თეატრის წინ მისი მხარდამჭერებიც მივიდნენ. გრიგოლ ვაშაძის თქმით, “გავრილოვის” ღამეს ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია კანონის დარღვევით დაარბია, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა შეეწირა.
“როდესაც ვიხსენებთ შარშანდელ 20 ივნისს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 12 საათიდან 4 საათამდე ვცდილობდით პარლამენტში შესვლას და ბატონ კობახიძესთან, ბატონ ვოლსკისთან და ვინმესთან შეხვედრას, რომ თავიდან აგვეცილებინა ის, რაც შემდეგ მოხდა. მოხდა ის, რომ რუსთაველზე შეიკრიბა სპონტანური სტიქიური საპროტესტო აქცია, რომელსაც ხელისუფლებამ უტიფრად არ მიაქცია ყურადღება. შემდეგ კი კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა შეეწირა. შეცდომა იყო იმაში, რომ ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის, რაც ყველა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს. მოქალაქისა და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის ხელისუფლების დამარცხებით მთავრდება,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.