“ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ყველაზე ღატაკ ფენას არ ეხმარება”-ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის”
ქუთაისის ორგანიაციის წევრმა ირაკლი კიკვაძემ განაცხადა. მან ბრიფინგი ქუთაისში, ყოფილ სამხატვრო სახლში გამართა, რომელსაც ადგილზე მცხოვრები სოციალურად დაუცველებიც შეუერთდნენ. ირაკლი კიკვაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ქუთაისში სულ 2467 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და მათგან დახმარების გარეშე 1900-მდე ადამიანი დარჩა. კიკვიძის განცხადებით, ამ მოქალაქეების დახმარებაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უარი თქვა და ახლა პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. “ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიიჩნევს, რომ მერია მოქალაქეებს კოვიდ 19-ის დროს გაუქმებული ღონისძიებებისას ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხით უნდა დაეხმაროს.
“მთავრობის ე.წ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების 80 პროცენტი დახმარების გარეშე დარჩა. 1900-მა ოჯახმა ვერ მიიღო დახმარება, რადგან მთავრობამ მათ უსამართლო და დისკრიმინაციული კრიტერიუმები დაუწესა. რადგან მთავრობამ ხელები დაიბანა, თვითმმართველობამ გასცეს ერთჯერადი კომპენსაციები იმ ოდენობით, რაც სხვა მოწყვლად ჯგუფებზე გასცა. ეს დაახლოებით 600 ლარს შეადგენს. კოვიდ პანდემიის დროს დაახლოებით 5 მილიონის ეკონომია გაკეთდა ბიუჯეტში,”-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ყოფილ სამხატვრო სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ რთულ პირობებში ვხოვრობენ, თუმცა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არანაირი ტიპის დახმარება არ მიუღიათ და ვერც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებით ისარგებლეს.