“გააპარტყუნე ყურები”- ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი ქუთაისის მერიის მიმდებარე
ტერიტორიაზე გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბან არტის” წარმომადგენლებმა და ხელოვანებმა ადგილზე ყურის ფორმის ინსტალაციები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსება სცადეს, რისი საშუალებაც მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა არ მისცა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ინსტალაციები ქალაქში შესაბამისი სამსახურის ნებართვით უნდა განთავსებულიყო. “ურბან არტის” წარმომადგენლების განმარტებით, ერთი წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნების პარკის მოწყობას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ.
“ერთი წელია, ქუთაისში ხელოვნების პარკის მოწყობას ვითხოვთ. პროექტი გადაცემული გვაქვს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, თუმცა, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. მთავრობამ არაფრად ჩააგდო ჩვენი წინადადება, ამიტომ ჩვენ მათ ქუთაისში ეს ინსტალაციები დავუკიდეთ. პროტესტს გამოვთქვამთ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ,”-განაცხადა პროექტის კურატორმა, ხვიჩა დოღონაძემ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავს აქცია-პერფორმანსებს კვლავ გააგრძელებენ.