ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ
საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ.
“როდესაც ბიუჯეტიდან იღებ საწვავის, სალაპარაკოს ფულს ეს იმისთვისაა, რომ სამსახურში იარო და შენი მოვალეობა შეასრულო. ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პირიქით, ისინი საკრებულოს საქმიანობაში უნდა ჩაერთონ. ეს არის ამომრჩევლის აბუჩად აგდება, რომელთა წყალობითაც შემოვიდნენ საკრებულოში. მე მათ ადგილზე, თუ საკრებულოს ბოიკოტს ვუცხადებ, აუცილებლად უარს ვიტყოდი ხელფასზე, საწვავსა და სალაპარაკოზეც. სამსახურეობრივი მოვალეობა საკრებულოს საქმიანობაში ჩართულობაა და არა დესტაბილიზაციისათვის ქუჩაში დგომა,”-ამბობს მარეხი ნიჟარაძე.
მარეხი ნიჟარაძის ინიციატივას სხდომაზევე მხარი ნანა კოსტავამ დაუჭირა. ნანა კოსტავას განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს მონაწილეობა არც 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიუღიათ. მისივე თქმით, დეპუტატებს გაფრთხილება ან შენიშვნა უნდა მიეცეთ.
ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი ივნისის თვეში გამოუცხადა. რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოქტომბერში, საკრებულოზე ოპოზიციონერი დეპუტატები დაბრუნდნენ, თუმცა, პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებზე დასწრებაზე კვლავ უარი განაცხადეს.