“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის პარლამენტის შენობის
ფუნქციურ დატვითვასა და ქუთაისის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის განვითარების 11 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. ვაშაძის თქმით, ქუთაისი დასავლეთ საქართველოს ცენტრი უნდა იყოს.
“პარლამენტის შენობა მიტოვებული და გავერანებულია. ჩვენ დღეს კონკრეტულად ვნახულობთ, სტრატეგია აღმაშენებელის ფარგლებში, როგორ უნდა განვავითაროთ ქალაქი. ამ პროექტს უფრო დეტალურად ვამუშავებთ. ქუთაისს ამბიცია უნდა ჰქონდეს, რომ იყოს დასავლეთ საქართველოს ცენტრი. დასავლეთ საქართველოს განვითარება თუ გვინდა, ქუთაისი მისი საფუძველია. თუ ქუთაისი არ ვითარდება, დასავლეთ საქართველო მოსახლეობისაგან იცლება. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას ქუთაისში, რაც მთლიანად რაიონს წამოწევს,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში, პარლამენტი ქუთაისში უნდა დაბრუნდეს, აშენდეს კონგრეს ჰოლი, სპორტული არენა და აიტი ქალაქი მოეწყოს, შეიქმნას დასასვენებელ-გასართობი პარკი, სამ საათიან ფრენის რადიუსში დაინიშნოს პირდაპირი რეისები ყველა ქალაქთან ქუთაისის აეროპორტიდან, მოეწყოს ინდუსტრიული პარკები და დაიწყოს ძველი ქუთაისის განვითარება.