დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორი, დავით ჭეიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოში სანატორიუმ “გეოლოგში” მცხოვრები დევნილების მოთხოვნა შენობიდან მასობრივად გაყვანის შესახებ ვერ დაკმაყოფილდება. ჭეიშვილი ამბობს, რომ წყალტუბოში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადანაწილდება და დევნილებმა განაცხადები უნდა შეავსონ.
“რეალობა ყოველ კვარტალში იცვლება, ამიტომ იმ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებიც გასათვალისწინებელია, რომელთაც თავშესაფარი საერთოდ არ აქვთ. განაცხადების საფუძველზე მოხდება იმ დევნილების დაკმაყოფილება, ვინც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, უპირატეს მდგომარეობაში ვერავის ჩავაყენებთ. უპირობოდ, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, ბინების გაცემა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად მიენიჭებათ დამატებითი ქულები, რაც გაზრდის ალბათობას, რომ გაიცეს მათზე ბინები,”-ამბობს ჭეიშვილი.
წყალტუბოში, სანატორიუმ “გეოლოგში” მცხოვრები დევნილები მასობრივ გაყვანას ითხოვენ. მათ დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სანატორიუმი ნგრევის პირასაა, თუმცა, მთავრობა მათ გადაყვანაზე არ ფიქრობს. დევნილების განცხადებით, წყალტუბოში, დასრულებულ ორ კორპუსში ისინი განაცხადების შევსების გარეშე უნდა გადაიყვანონ.
დასრულებულ კორპუსებში ბინა 140 ოჯახზე იქნება გათვალისწინებული.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”