ქუთაისის ვიცე-მერს, იუზა უგულავას, კორუფციაში ადანაშაულებენ. ფრაქცია “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ამბობს, რომ სახელმწიფო ტენდერებს თბილისსა და ქუთაისში უგულავასთან დაახლოებული კომპანია იგებს. შუშანია განმარტავს, რომ “ლიკო 1”-ის მფლობელი იუზა უგულავას ბიზნეს პარტნიორია და მერიები აღნიშნულ კომპანიაზე მორგებულ ტენდერებს აცხადებენ. შუშანია აცხადებს, რომ კომპანიამ ჯამში თბილისსა და ქუთაისში ძელსკამების დამზადებისათვის 800 000 ლარი მიიღო. აქედან ქუთაისის მერიიდან 300 000.
“იუზა უგულავას ბიზნეს პარტნიორის კომპანიას მასზე მორგებულ გამარტივებულ ტენდერებს უცხადებენ. ერთი და იგივე ზომის ძელსკამების დამზადებაში კომპანიამ ჯამში 800 000 ლარი მიიღო. ქუთაისისა და თბილისის მერიებმა ნავვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ითანამშრომლონ, დღეს ბიუჯეტის, ტენდერების განაწილებასა და კორუფციაზე თანამშრომლობენ,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
შუშანია მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტს ეხება, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.