“ქუთაისში დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება,”-ამის შესახებ
კომპანია “ნიუ იბერიას” დირექტორმა, მანანა მარუაშვილმა განაცხადა, რომელმაც ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მანანა მარუაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროექტის ავტორთან დეტალები თანხმდება. მისივე განმარტებით, კომპანია ყველა სირთულისათვის მზად არის.
“პროექტის ავტორთან კონსტრუქციულ საკითხებს ვათანხმებთ. უახლოეს დღეებში, შეიძლება ხვალაც, დავიწყებთ უკვე მუშაობას. ყველა საკითხი გავლილი გვაქვს. ტენდერი მარტის 9-ში უნდა დავამთავროთ, ასე რომ 9 მარტს ქუთაისს დროშა უკვე ექნება. როცა ტენდერზე მივდიოდით, ყველაფერი წინასწარ ვიცოდით. ყველა სირთულეზე, რაც შეგვხვდებოდა, საქმის კურსში ვართ. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის,”-განაცხადა მანანა მარუაშვილმა.
კომპანია “ნიუ იბერიამ” მეექვსედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ის სამუშაოებს 49 959 ლარად შეასრულებს. დროშა ნიკეაზე უნდა აღიმართოს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე