სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ამერიკის შეერთებული

შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.  მათ აშშ-სა და იმერეთის რეგიონის თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები განიხილეს, ასევე მხარეში ტურიზმის გაზრდილ პერსპექტივებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პორცესებზე ისაუბრეს.

ელიზაბეთ რუდმა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა ძალიან კარგი დისკუსია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ჩვენ ვისაუბრეთ აშშ-სა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებები და ასევე, შევეხეთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოს პოლიტიკურ ველზეა. ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელობაზე, დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. გარდა ამისა, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს გაძლიერებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი თემა საგანმანათლებლო სფეროც იყო. 

“ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ზოგადად ხაზი გაესვა იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას. ასევე, ხაზი გაუსვით იმასაც, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციას ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის და ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით. ყურადღება გავამახვილეთ აეროპორტის მნიშვნელობაზე რეგიონში. შეხვედრაზე რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ ზოგადად რა სიტუაციაა იმერეთში”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდიმ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული მე-17 საჯარო სკოლა მოინახულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *