ქუთაისში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ,,იმედის” ეთერში
გასულ ინტერვიუს ეხმაურება. საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია ამბობს, რომ მისი მიზანი ქვეყნიდან რაც შეიძლება მეტი ქართველის გაშვებაა და არა ეკონმონიკის განვითარება.
,, მისი მიზანი არის,რომ ქართველების დიდი ნაწილი გაუშვან საქართველოდან. ეკონომიკა კი არ განავითაროს, გაყარონ საქართველოდან. ხელი შეუწყოს საქართველო დაიცალოს ქართველებისგან. ჟირინოვსკის ლოზუნგი ,,ქართველების გარეშე საქართველო” , მგონი ივანიშვილს დიდი ხანია დაწყებული აქვს. გუშინდელი ეთერის შემდეგ ნათელი გახდა , რომ ეს შეშინებული ადამიანია. გაურკვეველ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს. მისი მიზანია არა დაუბრუნოს ემიგრანტები საკუთარ ოჯახებს, არამედ პირიქით, ბევრი ადამიანი გაუშვას თურმე საქართველოდან”.- განაცხადა გიგა შუშანიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „SWOT ანალიზი” ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ პრობლემა უმუშევრობაა. პრობლემიდან დროებით გამოსავალს მოსახლეობის საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებაში ხედავს.
“2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ, სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ. შედარებით ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმდნენ.”- განაცხადა ივანიშვილმა.