თბილისში ხატებით გამართული საპროტესტო აქციის ფაქტის დაგმობა და პოზიციის დაფიქსირება
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ მოსთხოვა. ახალაძე სიტყვით საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა.
“მიმდინარე მოვლენებს გვერდი აუარეთ და საკრებულოს სხდომა ისე დაიწყეთ. მოგწონთ ხატებით გამოსვლა? ვალდებულები ხართ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. ნანა კოსტავას საკითხზე ჩირგვებში ჩაძვერით და ახლაც ჩირგვებში სხედხართ. ეს არის ერისა და ბერის შეცდომა. ისინი სოდომისტები და ხატმებრძოლები არიან და ეს არ უნდა მოვითმინოთ. ეს ურწმუნოება ჩვენს ოჯახებშიც შემობრუნდება,”-განაცხადა ახალაძემ.
ახალაძის თქმით, მომხდარი ფაქტი არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ დაგმო, რომლებიც ნანა კოსტავას საკითხზე აქტიურობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია. მათ შორის არც გენდერული საბჭოს წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა გვანცა თოთაძემ, რომელიც ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვებისაკენ მოუწოდებდა.
ახალაძემ უმრავლესობის დეპუტატსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას მიმართა და უთხრა, რომ გენდერული საბჭოს წევრის გვანცა თოთაძის საბჭოში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა.
“ყველა ადამიანს უფლება აქვს, რომ მისი შეხედულებისამებრ გააკეთოს განცხადებები. ამის საშუალებას მათ კანონი ანიჭებს. შემოიტანეთ განცხადება გენდერულ საბჭოში და დებულების მიხედვით განვიხილავთ,”-განუცხადა შენგელიამ ალეკო ახალაძეს.
ალეკო ახალაძე ამბობს, რომ არ იცის მივა თუ არა გენდერული საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, მან საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, რაზეც სხდომაზე ირაკლი შენგელიას გამოხმაურება ზედმეტად მიიჩნია.
“გირჩის” აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან ფოტოები მიიტანეს, რომლებზეც ივანიშვილი რელიგიური სიმბოლოებით იყო გამოსახული.