გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შენგელიას საქმიანობას მოსახლეობა
კითხვარის მეშვეობით შეაფასებს. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და 25 ნოემბერს მისი ოლქის ამომრჩეველთან შეხვედრა დააანონსა.
შენგელიას თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის კითხვარის მეშვეობით შეფასება მის მიერ დანერგილი სიახლეა, რაც მოსახლეობის აზრის უკეთ გაგებასა და მომავალი საქმიანობის დაგეგმვაში დაეხმარება. მოსახლეობისათვის განკუთვნილი კითხვარში ჯამში 6 შეკითხვაა მოცემული.
მაჟორიტარის საქმიანობას მოქალაქეები შემდეგი კუთხით შეაფასებენ: რამდენად კარგად იცნობენ ისინი ირაკლი შენგელიას საქმიანობას, ანიჭებს თუ არა მაჟორიტარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრიორიტეტს მოქალაქეების მოთხოვნებს და რა მიმართულებით სურთ ადგილობრივებს თვითმმართველობის ჩართულობის გაზრდა მომავალ წლებში.
“მოსახლეობას წარედგინება კითხვარი და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ჩემი, როგორც საჯარო მოხელის საქმიანობაში. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დააფიქსიროს მისი მოსაზრება,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარის თქმით, 2019 წელს მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების დროს რამდენიმე საბიუჯეტო ინიციატივა უკვე შედგა, მათ შორის: ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით.