“არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა”-ასე
აფასებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე საზოგადოების რეაქციას. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის ახალგაზრდების ჯანსაღ პროტესტს მხარს უჭერს და მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პიროვნებისაკენ იყო მიმართული.
“არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა და სარკაზმული ნათქვამი. ნებისმიერ ნეიტრალურ ჯანსაღ პროტესტს მხარს ვუჭერ, თუმცა, არ ვუჭერ მხარს იმ პოლიტიკური ლიდერების პროტესტის ფორმებს, რომლებმაც გამოიყენეს სიტუაცია და შექმნეს ის დაძაბულობა, რაც ვნახეთ რუსთაველზე: თუნუქის კასრებში ცეცხლი, ტომრები და პარლამენტის კარზე ბოქლომი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულიყო კანონპროექტი, რომელიც მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,”-აცხადებს ლორთქიფანიძე.
საკრებულოს კულტურის, განათლების ახალგაზრდული საქმის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მის განცხადებას შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. მისი თქმით, ახალგაზრდებმა პროტესტი კორექტულად უნდა გამოხატონ და ხუმრობებს ხუმრობითვე უპასუხონ.
შეგახსენებთ, ოთარ ლორთქიფანიძემ თბილისში საპროტესტო აქციების მიმდინარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა-“მაჭუტაძეს დაბალი იმუნიტეტი აქვს და ნელ-თბილი წყალი ვაპკუროთ”. დეპუტატის განცხადებას გუშინ, ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდებმა უპასუხეს-“ლორთქიფანიძე! წყალი ცივი იყო! სირცხვილია!”.
ფოტო: ქუთაისის საკრებულო