ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია.
ბიუჯეტში პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებები სახელდება.
“ახლა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ბიუჯეტი 7 მილიონით გაიზარდა, რაც ქონებისა და დღგ-ს გადასახადის ხარჯზე მოხდა,”-განაცხადა მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.
დავით ნიშნიანიძის განმარტებით, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა. 2020 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 12 500 000, ხოლო სოციალურ პროგრამებში 5 187 000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიუჯეტში 100-საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის 1 000 000 ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციისათვის თანხა გამოყოფილი არ არის.
სოციალურ მიმართულებაში, წინა წლის ანალოგიურად, 1 000 000 ლარი მრავალშვილიანი დედების პროგრამაში დაიხარჯება. ამ მიმართულებით ძირითადი პროგრამები უცვლელი რჩება.
2020 წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტი ტრანსფერის სახით 10 000 000 ლარს მიიღებს. 2 000 000 ლარი ბიუჯეტში სკოლების რეაბილიტაციისათვის გადმოირიცხება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე