“ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს,” – განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.
“ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი “ქართუ”-სა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყალტუბოში სულ 22 სანატორიუმია, მათ შორის 7 პრივატიზებულია, ხოლო 15 სახელმწიფო საკუთრებაშია. საჯარო განხილვაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, საჭიროა 4 სანატორიუმის დემონტაჟი.
შეგახსენებთ, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა დაიწყო. წყალტუბოს განახლების პროექტის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე