ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალური ნაწილის დატბორვის შესახებ ჟურნალისტებთან
კომენტარი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა გააკეთა. ყურაშვილმა განმარტა, რომ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი კერძო საკუთრებაშია და ტერიტორიის დატბორვის გამო პასუხისმგებლობა მფლობელს ეკისრება.
“ჩვენ რაც შეგვეძლო დავეხმარეთ ამ ორგანიზაციას. დაზიანებული იყო ტუმბო, დავეხმარეთ წყლის ამოტუმბვაში და შემდეგ ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. მეპატრონე ვალდებულია, თავად მოუაროს მის ფართს. ამ ფართში ასევე არის კანალიზაციის პრობლემა. მე გავიარე კონსულტაციები წყალკანალთან და ბევრჯერ შევთავაზეთ დახმარება, თუმცა თავად არ ისურვეს, რომ რამდენიმე დღით შეეჩერებინათ მუშაობა. აქედან გამომდინარე, წყალკანალიც უძლური იყო იქ რაიმე გაეკეთებინათ,”-განაცხადა ყურაშვილმა.
რაც შეეხება ფალიაშვილის ქუჩას, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ქუჩა სისტემატურად იწმინდება, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა დიდი რაოდენობით ნალექს ვერ ატარებს. მისივე განმარტებით, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება და პროექტში სანიაღვრე სისტემის შეცვლა გათვალისწინებული იქნება.