დღეს, 23 ივნისს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია
19:00 საათიდან განახლდება. აქციაში მონაწილეებს მესხიშვილის თეატრის წინ ელოდებიან.
აქციის მოთხოვნები უცვლელია: დაუყონებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული აქციის მონაწილეები; დატოვოს დაკავებული თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში 20 ივნისს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.
ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.
ამავე დღეს თბილისში გამართული აქცია გვიან ღამით დაარბიეს. რა დროსაც მოქალაქეემა და ჟურნალისტებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
აქციები თბილისსა და რეგიონებში 20 ივნისს შემდეგ იმართება.