“პარლამენტი ოკუპირებულია”, “თავისუფლებასთან წააგებთ”- საქართველოში რუსი
დეპუტატების სტუმრობას ქუთაისში საპროტესტო აქციით შეხვდნენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები მერიასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედება სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფაა.
“ადგილი ჰქონდა არაჯანსაღ ქმედებას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში მტკივნეულია ოკუპაცია, მტკივნეულია ომი და ამ ყველაფერში დამნაშავეა ის ქვეყანა, რომლის დეპუტატი დღეს იმყოფებოდა საქართველოს სიმბოლოში, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი. არ შეიძლება ოკუპანტის ქვეყნის დეპუტაცია, რომელიც ხელს აწერს მისი ქვეყნის ოკუპაციის განხორციელებაზე, იყოს საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირდაპირი წესით შეურაცხყოფა,”-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნუგზარ კოხრეიძემ.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.
ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”