ქუთაისის საკრებულოს გენდერულ საბჭოში მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომის გამართვა იგეგმება.
როგორც საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, შეხვედრაზე განხილული იქნება ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში ცვლილების შესვლის თაობაზე.
შენგელიას ინიციატივით საბჭოს წევრები მომდევნო კვირაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის რეკომენდაციის წერლსაც მოამზადებენ. რეკომენდაცია გულისხმობს: საკრებულოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას, რომ დაემატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ. ან/და შეიქმნას კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პირების ქცევის ნორმებს.
“ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ინსტიტუციებმა მათ შორის გენდერულმა საბჭომ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა შევქმნათ პრევენციის პლაცდარმი. ჩვენ ვალდებულები ვართ გვქონდეს პრევენციის მექანიზმი და მეტი დაცვის ქმედითი ბერკეტი, რომ მომავალში არ დავდგეთ მსგავსი შედეგების წინაშე, რაც ნანა კოსტავას შემთხვევაში მოხდა. საკრებულოსთან წარსადგენ რეკომენდაციაზე საბჭოს წევრები სპეციალისტებთან ერთად ვიმუშავებთ.” – აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
ქუთაისის საკრებულოს ამ დრომდე ცალკე ეთიკისა და პოლიტიკოსთა ქცევის წესების შესახებ დოკუმენტი არ აქვს. საკრებულო, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებით ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილში მიიღო.