საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა
ნანა კოსტავას საკითხზე იმსჯელეს. კოსტავას წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები საკრებულოს უმრავლესობის 14 დეპუტატს შეხვდნენ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თითოეული დეპუტატისაგან კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასება მოითხოვეს და საკრებულოს წევრებს მოუწოდეს დაეფიქსირებინათ, უჭერენ თუ არა მხარს ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას.
“საჯარო მოხელისაგან მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება და ნიშნის მოგებით საუბარი. მოგიწოდებთ, რომ თუ ნანა კოსტავა ერთ დღეში არ დატოვებს საკრებულოს, გამოუცხადოთ ბოიკოტი. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ,”-აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა, რომ საკრებულომ ყველა ბერკეტი გამოიყენა და კოსტავას ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს.
“გუნდის სახელით გავაკეთე განცხადება, რომ ვემიჯნებით ნანა კოსტავას. კოსტავამ დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა და გენდერული საბჭო. სხვა ბერკეტი არ გვაქვს. ნანა კოსტავამ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა საკრებულოს,”-განაცხადა ნიკა ლატარიამ.
უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის ნანა კოსტავას განცხადებას ემიჯნება, თუმცა მას საკრებულოდან წასვლას ვერ დააძალებს.
“ნიკა ლატარიამ განცხადება გუნდის სახელით გააკეთა. ეს პოზიცია შეჯერებული იყო. პირადად მეც ვემიჯნები კოსტავას განცხადებას. მე მას ვერ დავაძალებ საკრებულოდან წასვლას. შესაძლოა, ეს ზეწოლად ჩაითვალოს,”-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტები ნანა კოსტავას დაბულინგებას ცდილობენ.
შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათ ერთგვაროვანი პასუხი ვერ მიიღეს და როგორც ჩანს, ნანა კოსტავას საკრებულოში მხარდამჭერები აღმოაჩნდა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”