“დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ”, “მეტი ჰუმანურობა, ნაკლები ძალადობა”
-ამ და სხვა ლოზუნგებით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი დაგმეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არაა და რელიგიის სახელით სიძულვილის ტირაჟირება სისტემატიურად ხდება. მათივე განმარტებით, კოსტავამ შეურაცხყოფა დაღუპულის ოჯახს მიაყენა.
შეკრებილებმა საკრებულოს თავმჯდომარისაგან მომხდარზე კომენტარის გაკეთება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ნანა კოსტავა თანამდებობას არ დატოვებს, აქციები გაგრძელდება.
“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”- ამ წარწერით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ნანა კოსტავამ ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა. სალომე ბარკერის 16 წლის და 26 მაისს, ლაგოდეხში დაიღუპა. გოგონა ექსკურსიაზე იმყოფებოდა.